თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯეიჰუნ ბაირამოვი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, იქამდე კი მას კოლეგამ უმასპინძლა. უსაფრთხოება, რეგონის გამოწვევები, ეკონომიკური კავშირები იყო განხილვის მთავარი თემა დიპლომატებს შორის.
შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან განცხადებები გააკეთა - ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის უჭერს მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის უჭერს მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ფორმატში და აგრძელებს ამას. მიხარია, რომ ჩვენს ლიდერებს შორის ძალიან გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს.
ჩვენ გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელდა. შემდეგ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, ურთიერთპატივისცემას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ტურიზმის მიმართულებითაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.