თევდორე მღვდლის 10 ნომერში ადგილობრივების ეტაპობრივად შეშვება ცოტა ხნის წინ განახლდა. მოსახლეობა პირად ნივთებს მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოიტანს. გამონაკლისი არის მე-4 და მე-5 სადარბაზო, რომელიც შემთხვევის ეპიცენტრია. ამ დროისთვის, ამ სადარბაზოებში მცხოვრებ ადამიანებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ ეძლევათ.
პროცესი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ავარიული კორპუსიდან 102 მოსახლეა გამოყვანილი.
ფასადის და სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთია დაშავებული. 49 წლის ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"დაშავებული ქალბატონი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა - საყურადღებო. ჰემოდინამიკური და რესპირატორული პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ნევროლოგიური სტატუსი შენახულია. არის კონტაქტური, ადეკვატური, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროებს კვლავ მეთვალყურეობას და ინტენსიურ მოვლას," - ამბობს ექიმი.
ავტორი: ნანა გოგატაძე