"ნაციონალური მოძრაობისთვის" წარსულში ის ორი ოპოზიციური პარტია დარჩა, ვისთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ მომავალს გეგმავდა. სააკაშვილის გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ბოიკოტი "ლელოს" და გახარიას პარტიასაც გამოუცხადა. განსხვავებული პოზიციის გამო, ერთ დროს კოლეგებს, ჯერ მოღალატეები ეძახეს, ბოლოს კი პოლიტიკურ მიცვალებულებად გამოაცხადეს.
გადაწყვეტილება ხალხმა 4 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მიიღოს. გიორგი გახარიას გუნდში კი ამ არჩევნებისთვის მზადება კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, დიდი ხნის წინ დაიწყეს, ბრალდებებს კი ისევ ბრალდებებით პასუხობენ.
მაშინ, როცა ექსპრეზიდენტისა და ექსპრემიერის გუნდებს ერთმანეთში პოლიტიკური ომი აქვთ გამოცხადებული, ერთობის ინიციატივით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძე გამოდის. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი წერს - საჭიროა ერთობა საქმით და არა სიტყვით.
ოპოზიციის მხრიდან ახალი გეგმის დაანონსება ბევრი ახსოვს "გირჩს", თუმცა რეალობად ქცეული არც ერთი. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, მის კოლეგებს პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად სტრატეგია არც წარსულში ჰქონდათ და არც ახლა აქვთ.
ორად გახლეჩილ ოპოზიციურ მოედანზე ერთმანეთს შორის დაპირისპირება მორიგი შოუს ნაწილია "ქართული ოცნებისთვის". მიუხედავად იმისა, რომ 4 პარტიის გზა ორად გაიყო, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ბარიერგადალახულ გუნდებს ერთმანეთისგან რეალურად არაფერი განასხვავებთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე, 4 პარტიიდან 2, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, 2 კი მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება.
ავტორი: ნანა გოგატაძე