ცესკოში აცხადებენ, რომ ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესის დაზიანების მიზნით იყენებენ.
საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო-ოდირის ანგარიშში და არც ეუთოს რეზოლუციაში, საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთოს რეზოლუცია. ამასთან, ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო-ოდირის ანგარიშის მიგნებებს.
ცესკოს განცხადებას ოპოზიცია გამოეხმაურა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ცესკოს განცხადება მანიპულაციურია, რადგან ეუთო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხს არ ადგენს.
"ცესკო იტყუება და თავად "ოცნება" იტყუება, უფრო სწორად, მანიპულირებს, როდესაც ცდილობს, ეუთოს დააბრალოს ის, რაც არ არის ეუთოს მანდატი. ეუთო არასდროს არ ამბობს, არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა თუ არალეგიტიმურად. არ არის ეს დადებითი დასკვნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი დასკვნა", - აცხადებს შარაშიძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ არსებობს ეუთოს დასკვნა, სადაც წერია, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს დაირღვა ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლებები.
"შეგიძლიათ ამოიღოთ ბოლო რეზოლუცია, მათ შორის, პორტოსი, სადაც პირდაპირ წერია, ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, რადგან დარღვეული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან. ეუთოს ცალსახა დასკვნაც არსებობს, რომ დაირღვა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის, ფარულობის უფლება", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.