
მმართველი გუნდისთვის ელჩობის მანდატს გერმანიის ელჩის ქმედებები და განცხადებები სცილდება. სახელისუფლებო გუნდი პეტერ ფიშერს მორიგ ჯერზე აკრიტიკებს და ამბობს, რომ დიპლომატი დიპლომატიის სტანდარტებს არღვევს.
"ქართული ოცნების" მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი პეტერ ფიშერის ის ინტერვიუ გახდა, სადაც ელჩი ღიად ამბობს, რომ საქართველოში გერმანიის ინტერესების გასატარებლად იმყოფება.
საუბრობს deep state-ზეც, აცხადებს რომ ის უბრალოდ არ არსებობს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას კი, ფიშერმა ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებული ეპიზოდიც გაიხსენა.
გერმანელი დიპლომატის პოზიციების შეფასებებისგან თავს იკავებენ ოპოზიციაში, ამბობენ იმას, რომ მმართველი გუნდის წევრები პარტნიორების დისკრედიტირებას მიზანმიმართულად ცდილობენ, მიზეზი კი ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანაა.
მმართველ გუნდში კი დონალდ ტრამპის იმ განცხადებას იხსენებენ, როდესაც შტატების პრეზიდენტმა deep state-ს ბრძოლა გამოუცხადა. ამ ფონზე, ქართული ოცნების წევრებისთვის, კიდევ უფრო გაუგებარია გერმანიის ელჩის განცხადება deep state-ის არარსებობასთან დაკავშირებით. სახელისუფლებო გუნდისთვის პეტერ ფიშერის ბოლოდროინდელი ქმედებები იმის დადასტურებაა, რომ ის საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ერევა.
საათნახევრიან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა.