31 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო - კრიტიკული შესწორებები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საქართველოს შესახებ მოხვდა, ჯო უილსონს ეკუთვნის

"პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები" - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაც არის. წერია, რომ ასამბლეა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდებს. დეკლარაციაში არის მოწოდება ახალ არჩევნებზეც. კრიტიკული შესწორებები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საქართველოს შესახებ მოხვდა, ჯო უილსონს ეკუთვნის. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენის ამ ჩანაწერებს მხარი ქართული ოპოზიციის სხვა უცხოელმა მხარდამჭერებმაც დაუჭირეს. 

ამავე დეკლარაციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მთავრობას მოუწოდებს, "გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა" - ეს შესწორება ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს ეკუთვნის, რომელსაც ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს. ასევე, დეკლარაციის თანახმად, "ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ."

რეზოლუციის მიღებამდე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იყო დებატებიც. კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელს, რომელსაც საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და თქვა ისიც, რომ შესწორებები, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, აბსურდულია.

ადგილზე მყოფი ქართული დელეგაციის წევრების თქმით, საქართველოს შესახებ კრიტიკულად მხოლოდ ქართული ოპოზიციის უცხოელი მხარდამჭერები იყვნენ განწყობილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის დელეგაციის წევრისა და ეუთოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლაზე საუბრობს. შვეიცარიელი პოლიტიკოსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს პირადად აკვირდებოდა, მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე ქვეყანას შედეგები არ მოსწონს - ეს მათი პრობლემაა.

მიუხედავად საბოლოო დოკუმენტში შეტანილი კრიტიკული შესწორებებისა - ის, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგები სრულად ასახავდა საქართველოს ამომრჩევლის ნებას და ოპოზიციას თავისი 66 მანდატი უნდა გამოეყენებინა, ამაზე ტრიბუნასთან თავად ეუთოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა.

ქართული დელეგაციის ინფორმაციით, დეკლარაციაში მათი ინიციატივით, 2 მნიშვნელოვანი საკითხიც ჩაიწერა - რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები, ჯარები გაიყვანოს და ასევე, აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს ეუთოს წევრმა ყველა სახელმწიფომ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია პორტუგალიაში 28 ივნისს გაიხსნა და დღეს, შემაჯამებელი ანგარიშით დასრულდა.

 

 

 

 

დღის ამბები