საქართველო გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში მიმდინარეობს. მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე ღონისძიებას მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც დღეს კოლეგა მინისტრებთან პირისპირ შეხვედრები გამართა.
მაკა ბოჭორიშვილი დღესვე შეხვდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც, რა დროსაც მან მსო-ს ხელმძღვანელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს როლზე ესაუბრა. უკვე ხვალ, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, მანამდე კი მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი. კონფერენციას ესპანეთის მეფე გახსნის.
"გაეროს მაღალი დონის კონფერენცია ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. ორმხრივი შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში, კარგი შესაძლებლობა გვქონდა იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარი. შეხვედრა მქონდა, ასევე, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა სწორედ საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, ის პროგრესი, რაც არის ქვეყანაში და როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე