დიპლომატი ოპოზიციის იმ ლიდერებზე საუბრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს მიზანმიმართულად აზიანებდნენ. ვიქტორ დოლიძე იხსენებს, რომ ევროპარლამენტში დელეგაციის სტატუსით წასული ოპოზიციის ერთადერთი მიზანი საქართველოს რეპუტაციის შელახვა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედება იყო.
წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ დამაზიანებელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა დღეს კიდევ ერთმა დიპლომატმა. კონსტანტინე ჟღენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც, ის დიპლომატიური მისიით უნგრეთში იმყოფებოდა. დიპლომატმა თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობდნენ.
სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა გიორგი გახარიაზე იმსჯელეს, რომლის გამოკითხვა 2 ივლისს, თბილისის დროით 4 საათზეა ჩანიშნული. გახარია სხდომას ონლაინ ჩაერთვება. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება ერთ საათიანი განხილვის შემდეგ, გახარიას წერილის საფუძველზე მიიღეს. ექსპრემიერს საგამოძიებო კომისიაზე ჩართვა კონკრეტული დათქმებით მოუწევს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კანონმდებლებმა კენჭი უყარეს, კანონის მორიგი დარღვევა და საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა იყო. მამუკა ხაზარაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნიკა გვარამიამ კომისიასთან თანამშრომლობასა და ონლაინ ჩართვაზე ამჯერადაც უარი თქვეს, რის გამოც საქმე პროკურატურას გადაეცემა.
საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას მალევე უპასუხეს ხაზარაძის გუნდში. "ძლიერ საქართველოში" დღესაც ამტკიცებენ, რომ მათ ლიდერს პოლიტიკურად დევნიან.
ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვაშაძე-ხაზარაძე-გვარამია უცხოელი დამფინანსებლების დაკვეთის შესაბამისად მოქმედებენ.
საგამოძიებო კომისია მუშაობას ორ დღეში დაასრულებს. კანონმდებლები ბოლო საჯარო სხდომას 2 ივლისს გამართავენ, ამის შემდგე კომისიის წევრები დახურულ ფორმატში იმუშავებენ და დასკვნას დადებენ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.