19 აგვისტო 2026,   11:36
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ მოწყობილია სპეციალური სცენა, სადაც სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან თავის სიტყვაში ყურადღება ოპოზიციის ერთიანობაზე გაამახვილა.

სიტყვით გამოსვლები უკვე დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ოპოზიციონერი ლიდერები, აქციების დროს დაკავებული პირებისა და დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან, უცვლელი რჩება მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით.

სიტყვით ისარგებლა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაში იქნება ერთიანობა და არ მიიღებენ ისინი მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.

ხოშტარიას ამ გაცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციურ პარტიებში. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას, თუმცა მის სტრატეგიას იწუნებს.

"შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, პოლიტპატიმრებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და ვთქვათ, ჩვენი პოზიცია, რომ პოლიტპატიმრების თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რისთვისაც გავაგრძელებთ ბრძოლას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ელენე ხოშტარიას. ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა ჩვენთვის, მათ შორის პერსონალურადაც, თუმცაღა მგონია, რომ უნდა შევარჩიოთ ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არა თუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს დავაზიანებთ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

დღის ამბები