21 აგვისტო 2026,   12:02
ვრცლად
სოლიდური ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს მას, ვინც პირს რაიმეს უარგუმენტოდ დააბრალებს, იცვლება სიმართლის მტკიცების საკითხიც - გამოხატვის თავისუფლების კანონი ძალაში შევიდა

აქამდე ეს პირიქით იყო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ძველი ვერსიით, ცილისწამების მსხვერპლი ჩიოდა, თუმცა სასამართლოში თავად უნდა დაემტკიცებინა, რომ ტყუილი დასწამეს. კანონი "ქართული ოცნების" ინიციატივით, სხვაგვარად დარეგულირდა - მტკიცების ტვირთი მთლიანად ცილისმწამებელზეა.

ცვლილებები პარლამენტმა 83 ხმით მიიღო. ერთ-ერთი ავტორი დავით მათიკაშვილია. "კურიერი P.S-თან" ინტერვიუში კანონმდებელი ცვლილებს განმარტავს.

ცილისწამება კანონდარღვევად ითვლება საჯარო სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელებსა და მედიაში. თუ  ბრალდების ადრესატი თავს ცილისწამების მსხვერპლად ჩათვლის, სასამართლოში მხოლოდ ამ საჯარო განცხადებას წარადგენს და ბრალმდებელს პასუხს მოსთხოვს. კანონში სამართალწარმოების ვადებიც შემცირდა.

სიმართლე ან ტყუილი - ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. და თუ ცილისწამება დადასტურდება, მოპასუხეს მისი უარყოფაც და ზიანის ანაზღაურების ოდენობაც თავად უნდა განუსაზღვროს.

მოპასუხის სკამზე აქამდეც მსხდარან და შესაძლოა მომავალშიც აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებსაც ხშირად რეპორტაჟის მომზადება წყაროზე დაყრდნობით უწევთ. ცვლილებების ავტორი განმარტავს სავალდებულოა თუ არა წყაროს დასახელება მაგალითად ჟურნალისტისთვის და თუ მაინც მოპასუხე მხარეს წყაროს გამჟღავნება არ სურს, შეუძლია სხდომის დახურვა მოითხოვოს და მისი ანონიმურობა ასე დაიცვას.

შეცვლილი კანონის ავტორებმა ძველი რედაქციიდან რამდენიმე მუხლიც ამოიღეს. ფიქრობენ, რომ წლების წინ დაწერილ კანონში აბსურდული დათქმები იყო.

2004 წლამდე, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ითვალისწინებდა პატიმრობასაც, თუმცა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას ამის გამო ციხეში არავინ გაუშვია, საჯარო წყაროების მიხედვით, 1996-2004 წლებში სასამართლომ ათამდე სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ზოგიერთ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათ შორის, ჟურნალისტები, დამნაშავედ ცნეს და პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა მათ სასჯელი პირობითით შეეცვალათ.

2004 წელს, ცილისწამება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, გაუქმდა და ამოქმედდა "საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის შესახებ".

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ცვლილებაზე ხშირად საუბრობდნენ. ამის აუცილებლობას ხედავდა 2018 წელს პრეზიდენტობის პირველივე დღეებში სალომე ზურაბიშვილი.

ამავე წელს, სიტყვის თავისუფლების სახელით, სიძულვილისა და ცილისწამების ფაქტები პატრიარქის ეპისტოლეშიც მოხვდა.

სამი დღის წინ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რომელიც უკვე ამოქმედდა, უკუქმედების ძალაც აქვს - ამოქმედებიდან 100 დღით ადრე ცილისწამების ფაქტების გასაჩივრება, მოქალაქეებს შეეძლებათ.

დღის ამბები