ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების დინამიკა და მთავრობის გეგმა - ერთ-ერთი პირველი კითხვა ევროინტეგრაციის მიმართულებით დაისვა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის ამბიციური მიზანი 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაა, ამისთვის კი ქვეყანამ 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების 90 პროცენტზე მეტი უნდა შეასრულოს.
მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკის მიმართულებას ეხება, დეპუტატები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით დაინტერესდნენ, რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
კითხვა-პასუხის დროს, აქტუალური იყო პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის სხდომა და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულები. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია რომ საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვან დასკვნას დადებს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა პოზიციები დააფიქსირეს, ჯანდაცვის მიმართულებაა. მკაცრი ნარკოპოლიტიკის გარდა, საუბარი იყო ადრონული თერაპიის ორ დანადგარზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა განთავსდეს. კითხვები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებასაც ეხებოდა.
განათლების სფეროს განვითარებასთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა აქცენტი სპორტულ წარმატებებზეც გააკეთა. თქვა, რომ მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ჰიმნი - სწორედ სპორტია.
პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლების კითხვებს სამთავრობო ანგარიშის წარდგენის შემდეგ უპასუხა.