ინტერნეტში სიძულვილის ენისა და წაქეზების, მათ შორის პოლიტიკოსების შეურაცხყოფის ფაქტებს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობს და ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, რეიდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. გერმანელმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო 24 საათში საგამოძიებო მოქმედებები 180-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარეს. ჩხრეკა, დაკითხვა და სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება ყველა რეგიონში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დიუსელდორფის, ბონის, კიოლნისა და მიუნსტერის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის ყველა რეგიონის დიდ ქალაქსა და დასახლებაში ჩატარდა. ეჭვმიტანილებს სიძულვილის წაქეზება და პოლიტიკოსების შეურაცხყოფა ედებათ ბრალად. დამამცირებელი შეტყობინებების სავარაუდო ავტორები 17-დან 73 წლამდე მოქალაქეები არიან. გერმანელმა სამართალდამცავებმა თორმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მტკიცებულებების სახით მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
სიძულვილის შემცველი პოსტების წინააღმდეგ ბრძოლა გერმანიის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ მხოლოდ 2024 წელს სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებული 10 000-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 34 პროცენტითაა გაზრდილი.
გერმანიის ქალაქებში მიმდინარე საპოლიციო რეიდებს აფასებენ საქართველოში. ის, რაც ევროპულ ქვეყნებში სისხლის სამართლის დანაშაულია და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ოპოზიციისთვის პოლიტიკური დევნა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვაა.
ორმაგ სტანდარტსა და მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ რომ, ზოგიერთი დიპლომატი ევროკავშირში სიძულვილის ენას უპირისპირდება, საქართველოში კი მის გავრცელებას ახალისებს.
შეურაცხყოფის, მუქარის, წაქეზებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები სოციალური ქსელებიდან ამოღებულ ინფორმაციას სწავლობენ. ადგილობრივი პოლიცია დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.