21 აგვისტო 2026,   23:49
ვრცლად
"ეს პლატფორმა არის შესაძლებლობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში, ადამიანები, ვინც განსხვავებულად ფიქრობდნენ, გაერთიანდნენ" - პაატა მანჯგალაძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა ის მოქალაქე დარეგისტრირდება, რომელსაც, მისივე თქმით, ბრძოლა და საქართველოს ისტორიულ გზაზე დაბრუნება უნდა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილს იდეა მოსწონს. ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გაერთიანებას გულისხმობს. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პროტესტში ჩართული სხვადასხვა ადამიანი ერთ საერთო პლატფორმაზე რეგისტრირდება.

"ეს პლატფორმა არის შესაძლებლობა, რომ რეპრესიული რეჟიმის პირობებში, ადამიანები, ვინც განსხვავებულად ფიქრობდნენ, გაერთიანდნენ დიდ პროცესში. კარგი იქნება, რომ პროტესტში ჩართული სხვადასხვა ადამიანი ერთ საერთო პლატფორმაზე თუ რეგისტრირდება. ეს პლატფორმები საერთო ჯამში, ერთ იდეასთან მივა, უნდა შეიქმნას ერთი დიდი საერთო პლატფორმა და არანაირი წინააღმდეგობა და არანაირი განსხვავება არ არის ამათ შორის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ თუ იდეა მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, ამ შემთხვევაში, საინტერესო იქნება. 

"თუ ეს იდეა რაღაც უფრო მეტ კონსოლიდაციას მოგვცემს რეჟიმის ცვლილების გზაზე და არჩევნების დანიშვნის გზაზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა და შეიძლება რომ ეს განხორციელდეს და შეიძლება უფრო მარტივიც იყოს ონლაინ ნაბიჯების გადადგმა," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ბრძოლის ინსტრუმენტი არის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით განხორციელებული ცვლილებები.

"იყო ინიციატივები სხვადასხვა ოპოზიციონერის მხრიდან, როგორც სატელეფონო არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით არის ინიციატივები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენი ბრძოლის ინსტრუმენტი არის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით განხორციელებული ცვლილებები. ჩვენ მხოლოდ ამას ვაღიარებთ. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ არჩევნების ინსტრუმენტს, იმისთვის, რომ ქვეყანაში ცვლილება მოვახდინოთ", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები