ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები რამდენიმე საათში დაიწყება. PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაგეგმილი დებატების სახელწოდებაა - "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება".
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ დებატების მიზანი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გალაშქრებაა.
"როცა ვუყურებთ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა და ალტერნატიული აზრის მოსმენა არ ხდება და საერთოდ არ აღნიშნავენ იმ კანონს, რომელიც არსებობს საქართველოში და კანონი არ უნდა დაარღვიო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე წინასწარ გამიზნული გაქვს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გალაშქრება. საკმარისია, ამას ქედი მოუხარო, რომ საქართველოში შეუქცევადი იქნება ის პროცესები, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი, რომელიც აწყობს ევრობიუროკრატიას, კონკრეტული მიზნების და ამოცანების შესასრულებლად - ეს ფორმულა არ მოშლილა, ყველა დანარჩენი მოქმედება ექვემდებარება ამ ფორმულის რეალიზაციის ინტერესს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი.