საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიმართვა ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ოპოზიციაში ხაზს უსვამენ, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთს უამრავი სიკეთე აქვს მოტანილი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე: "მათი მხრიდან არ გვიკვირს ასეთი შეფასებები ჩვენი ქვეყნის ერთგული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის თუ ევროკავშირის მიმართ, რომ თითქოს, ისინი საქართველოში რაღაც ექსტრემიზმს აფინანსებენ. მათთვის ექსტრემიზმია დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, და ყველაფერი ის, რაც სჭირდება ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანას, მათ შორის, ნორმალური და ცივილიზებული, თავისუფალი არჩევნები."
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე: "დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მეგობარი ჩვენი ქვეყნისა, სამ ათწლეულზე მეტია. უამრავი სიკეთე აქვს მოტანილი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და ქართველი ხალხისთვის. ის ყოველთვის იყო ჩვენს გვერდით, როგორც ჩვენი გამორჩეული მეგობარი ქვეყანა და ძლიერი მხარდამჭერი ყველა ასპარეზზე."