ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებია - ბოლო 24 საათში, "ცახალის" იერიშებს ღაზაში 70 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, 20 ადამიანი ნეცარიმის დერეფნის მიმდებარედ მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან საკვების მიღებას ცდილობდნენ.
საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა დღის ბოლოს თელ-ავივში და იერუსალიმში. "ჰუსიტების" რადიკალურმა დაჯგუფებამ იემენიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. თავდასხმის მოგერიება ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის ორი მინისტრის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სახელმწიფო მდივნის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"შევახსენებთ პარტნიორებს, არ დაივიწყონ, ვინ არის ნამდვილი მტერი. ამერიკის შეერთებული შტატები მათ სანქციების გაუქმებისკენ და ისრაელის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს", – წერია მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.