22 ივნისი 2026,   00:30
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" - ერთი წერილით დაწყებული საკადრო გადაწყვეტილება მორიგ პარტიულ კრიზისად იქცა

"ნაციონალური მოძრაობა" - ციხე, რომელიც შიგნიდან, ციხეში მყოფმა მსჯავრდებულმა და ბრალდებულმავე გატეხა. ერთი წერილით დაწყებული საკადრო გადაწყვეტილება შიდა დაპირისპირებად, ურთიერთბრალდებებად და მორიგ პარტიულ კრიზისად იქცა. სააკაშვილისგან არავის არაფერი უკვირს, მით უმეტეს - წერილები, თუმცა ამჯერად რუსთავიდან მოწერილმა გზავნილმა პარტიის ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ქალთა სახეები სააკაშვილის პარტიაში და წერილი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მომავლის ბედი განსაზღვრა. სწორედ ასე დაიწყო პარტიაში მორიგი ჩანაცვლების პროცესი და მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის. თინა ნანუკამ შეცვალა, თუმცა მოქმედმა თავმჯდომარემ არ დაიჯერა და მეტიც, შემცვლელის ნათქვამს თავდაპირველად პოლიტიკური ჭორაობაც კი უწოდა.

სანამ ბოკუჩავა-ჟორჟოლიანი სკამს იყოფდნენ და თავმჯდომარეობისა თუ თანათავმჯდომარეობის ბედს არკვევდნენ, საქმეში ისევ სააკაშვილი ჩაერთო. ამჯერად, მისი ფსონი, როგორც ჟორჟოლიანი თავად თავს უწოდებს, "მიშისტ" ნანუკაზე დაიდო. ასე დაუფასდა ბოკუჩავას ორწლიანი ერთგულება, რომელიც სააკაშვილმა თანამდებობიდან ერთპიროვნულად, წერილით გადააყენა.

თინა ბოკუჩავას ეწყინა. ნანუკა ჟორჟოლიანმა კი ახალი როლი მალევე მოირგო. თავი კრიზისის მენეჯერად გამოაცხადა, ციხიდან მიღებული დირექტივა გაითვალისწინა და ქუჩა-ქუჩა სიარული დაიწყო, თუმცა პარტიის რიგებში პოზიციებზე შეჯერება გაუჭირდათ. ნაწილმა სიახლე მოიწონა, ნაწილმა აღიარა, რომ სააკაშვილის ვერდიქტი მათთვისაც მოულოდნელი იყო, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ პარტიაში ერთპიროვნული მმართველობის მიუხედავად, გადაწყვეტილებას დელეგატები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ.

თინა ბოკუჩავას მადლობა სააკაშვილმაც უთხრა, თუმცა კრიტიკის ისარი მასზეც გასწორდა. მსჯავრდადებული და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს, რომ პარტიაში უმძიმესი კრიზისია.

ალიანსის შემდეგ, სააკაშვილმა რღვევა საკუთარ პარტიაშიც რომ გამოიწვია, ეს მმართველ გუნდს არ უკვირს. სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს ფიასკოს დიდი ხანია უწინასწარმეტყველებს. მათი შეფასებით, სააკაშვილის პარტია პოლიტიკური რადარებიდან თავს მალე გაიქრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ბედი სააკაშვილმა ვარცხნილობასთან ერთად შეცვალა. რევოლუციური იდეით შეპყრობილმა რევოლუცია არაერთხელ დააანონსა, თუმცა იდეა, ბუმერანგივით, მისსავე პარტიას დაუბრუნდა. ვინ იქნება შემდეგი, ვისაც ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური დაფიდან პაიკივით გაწირავს? პარტიის თავმჯდომარეს და მენეჯმენტს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება. მათი ბედი ახლა ყრილობაზე, დელეგატებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა ფაქტია, რომ წესდების მიღმა სააკაშვილი დგას, რომელიც გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად და გუნდისგან დამოუკიდებლად იღებს.

დღის ამბები