თბილისი-ბელგრადი - ორი ქვეყნის დიალოგი სუვერენიტეტის პოლიტიკის შესახებ - სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პროტოკოლური შეხვედრების სერია არ ყოფილა, მისი პოლიტიკური დატვირთვა გაცილებით დიდია იმ ფონზე, როდესაც ევროპაში პოლიტიკური პოლარიზაცია, გეოპოლიტიკური დაპირისპირება და გავლენებისთვის ბრძოლა სულ უფრო მწვავდება.
სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ათონელის სასახლეში სტუმრობით დაიწყო. კოლეგას მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.
გეოპოლიტიკური გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირები და საერთო ღირებულებები - ეს საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა იყო. პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
სერბეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, რაც ალექსანდრ ვუჩიჩმა გმირთა მემორიალთან მისვლით დაადასტურა. სერბეთის პრეზიდენტი თბილისში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც თამარ ბაგრატიონმა ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები, მეუღლეებთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს შეხვდნენ.
საქართველოს პრემიერსა და სერბეთის პრეზიდენტს შორის დახურული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებმა გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლეს. მოგვიანებით, გაკეთდა განცხადებებიც მედიისთვის.
გარდამტეხი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი იმპულსი - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ითქვა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს საერთო ღირებულებების პატივისცემა მეტად ამყარებს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დღეს ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის მიუღწეველი მაჩვენებელია. აღინიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური უპირატესობა, სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა, მშვიდობის ვექტორი და საქართველოს უნარი, დიდი სახელმწიფოების გავლენების მიუხედავად, შეინარჩუნოს ეკონომიკური პროგრესიც და სტაბილურობაც.
ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ სერბეთის დელეგაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
გადაწყდა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც გაფორმდება,
სერბეთის პრეზიდენტი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.
სერბეთსა და საქართველოს ურთიერთობაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე.
სერბეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სუვერენიტეტის თემაზე აქცენტები თბილისსა და ბელგრადს შორის თანამშრომლობის ახალ ფაზას სწორედ ახლა ხსნის.