21 აგვისტო 2026,   16:20
ვრცლად
პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - ინიციატივის განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაჩქარებული წესით მოხდება

გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება. ცვლილებების თანახმად, უპირატესი, კონსტიტუციით განსაზღვრული ჩანაწერი ხდება, რომლის თანახმადაც პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ საპროკურორო საბჭოს ენიჭება. ამ ცვლილებით, პროკურორის შერჩევას გამოეთიშნენ მესამე სექტორი და აკადემიური წრეები, რომლებთან კონსულტაციის გარეშე, ამ დრომდე გენერალური პროკურორის კანდიდატების შერჩევა შეუძლებელი იყო. მცირდება ქვეყნის მთავარი გამომძიებლის შერჩევის ვადაც.

საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციური პრეროგატივა პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენაა, თუმცა არა მისი შერჩევა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, სწორედ ეს პროცედურა სწორდება. კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ მიზანი პროკურორის არჩევის წესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა, რადგან საპროკურორო საბჭო კანდიდატების შერჩევის პროცესისგან რეალურად გამოთიშულია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსტიტუციაზე დაბალი რანგის ორგანული კანონით განსაზღვრულია დამატებითი 1 თვიანი პროცედურა, რომლის მიხედვითაც კანდიდატების შერჩევა და შემდგომ მათი საბჭოსთვის წარდგენა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებით ხდება. ცვლილებების მიხედვით კი, გარეშე პირები პროცესში ვეღარ ჩაერევიან. პროექტის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება უფლებამოსილება და 1 კვირა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეარჩიოს კანდიდატი, შემდეგ კი ხმათა უმრავლესობით აირჩეს ის, რომელიც უკვე პარლამენტს წარედგინება.

საბჭოში კანდიდატების შერჩევა ფარულის ნაცვლად ახლა ღია კენჭისყრით მოხდება. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება საჯარო გადაწყვეტილების და დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის სივრცეს ზღუდავს. მოქმედ კანონმდებლობაში პრობლემას ვერ ხედავენ ვერც ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრები არიან.

საპროკურორო საბჭოს წევრია რატი იონათამიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ცვლილება მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას და ხელოვნური პროცედურების მოწესრიგებას ემსახურება. უმრავლესობის წევრების თქმით, კანდიდატების შერჩევა მესამე სექტორთან კონსულტაციების გავლით, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებას ზღუდავს და კონკრეტული აქტორებისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის შესაძლებლობას აფართოებს.

პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია. მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, დაჩქარებული წესით მოხდება.

დღის ამბები