"დაამარცხე პლასტმასით დაბინძურება" - ეს 2025 წლის გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია. მოხალისეები, პროფესიონალი გარემოს დამცველები და ტყის მეგობრები - დღეს ყველა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა. მიზანი ეკოსისტემისა და დედამიწის დაცვაა. ინფორმაციულ შეხვედრებთან ერთად, სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, დასუფთავების აქცია დღეს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტყეების დაცვისა და აღდგენის მიზნით, უკვე მომზადებულია ტყის გაშენების პროექტიც.
ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის ღონისძიებებში და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება - დაცული ტერიტორიების სააგენტომ, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი ლაგოდეხში წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ნახატები, ესეები და პოსტერები შექმნეს, სადაც გარემოს დაცვასა და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
დასუფთავდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი და წყლის ზედაპირი. ბათუმის ზღვაში, ნარჩენების შემგროვებელი დრონის მუშაობის სადემონსტრაციო ჩვენებაც გამართეს. დრონი მექანიკურად იმართება და სხვადასხვა სახის ნარჩენებს აგროვებს. დასუფთავების აქციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ყურადღება, ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ გამოწვევებზე მახვილდება. წელს პრიორიტეტი პლასტმასით დაბინძურების შემცირებაზე გაკეთდა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე უკვე 50 წელზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.