ამერიკული "ფარას" ქართული ანალოგის ინიციატორის მიმართვის ადრესატები ის იურიდიული და ფიზიკური პირები არიან, რომლებსაც უკვე ძალაში შესული კანონი ეხებათ. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ანტიკორუფციულ ბიუროზეა. ავტორების განცხადებით, ამერიკული "ფარას" ქართულმა ვერსიამ ქვეყნის სუვერენიტეტი უფრო მეტად უნდა დაიცვას და საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის მცდელობები მაქსიმალურად აღკვეთოს.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის ორმაგი სტანდარტია ყველა ის განცხადება, რომლითაც ამერიკული კანონის ქართულ ანალოგს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს მიღმა აკრიტიკებენ. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ერთი და იგივე კანონი სხვა ქვეყნის შემთხვევაში მისაღები, საქართველოში კი მიუღებელი. "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" ქართულ ვერსიას დასავლელი პოლიტიკოსები ევროპულ გზაზე საფრთხედ მიიჩნევენ.
უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს ქართულ ოპოზიციაში იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული კანონის ქართული ანალოგი დარტყმის ქვეშ აყენებს დემოკრატიას და მის დამორჩილებასაც არ განიხილავენ. კანონის აღსრულებას არ აპირებენ არც მესამე სექტორში.
გამჭვირვალობა დემოკრატიის მტერი ვერ იქნება - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ დაუმორჩილებლობას მიზეზი აქვს და ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიზნები გამოაშკარავდება.
ახალ კანონზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანის თქმით, კანონმდებლობა ამერიკულია და მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია.