"რა თქმა უნდა, დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე. როგორც ქვეყანაში ყველა საქმე, ყველა საბიუჯეტო თანხა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ასევე, უნდა იყოს ყველა სხვა თანხაც ბოლომდე გამჭვირვალე," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგზე საუბრისას აღნიშნა, გამჭვირვალობა შეუძლებელია დემოკრატიის და თავისუფლების მტერი იყოს.
"არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების მტერი. გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი. ამიტომ, ვისაც სურს საქართველოში ფარულ გზებით ფერადი რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია.
გამჭვირვალობა, დემოკრატიის სახელით, დღეს შერაცხილია რუსულ და ანტიდემოკრატიულ მოვლენად. აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტსაც და ელემენტარული სტანდარტების უარყოფასაც.
რა თქმა უნდა, დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე. როგორც ქვეყანაში ყველა საქმე, ყველა საბიუჯეტო თანხა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ასევე, უნდა იყოს ყველა სხვა თანხაც ბოლომდე გამჭვირვალე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.