26 აგვისტო 2026,   02:21
ვრცლად
მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმე - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში უნდა გაეცეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება.   

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც უმრავლესობის წევრს,  შვილების თანდასწრებით აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კობახიძე აქცენტს ქვეყნის გარედან დაფინანსებულ სიძულვილის კამპანიაზე აკეთებს. 

მმართველი გუნდის ოპონენტები გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობენ. ამბობენ იმასაც, რომ ბავშვების თანდასწრებით ნებისმიერი შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა აქტივისტების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, მათი შეფასებით არაპროპორციულია.

ოპოზიციის პოზიცია გაუგებარია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში უნდა გაეცეს. უმრავლესობის წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო დონორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა, ასევე რეაგირება მოახდინონ საჯარო პირების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც. 

მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა მოსამართლემ გუშინ შეუფარდა. საქმეში ფიგურირებს მაგდა მამუკაშვილიც, რომელსაც 4 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც ერთ-ერთ კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები შეძახილებით მივიდნენ. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

დღის ამბები