27 აგვისტო 2026,   01:14
ვრცლად
7 თვე და არც ერთი დასწრება - გიორგი გახარია და მისი პარტიის 11 წევრი ამ დრომდე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები არიან, თუმცა მანდატების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ავტომატურად დგება

7 თვე და არც ერთი დასწრება - გიორგი გახარია და მისი პარტიის 11 წევრი ამ დრომდე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრები არიან, მაგრამ ამ სტატუსს მალე დაკარგავენ. პარლამენტისთვის თავად არ მიუმართავთ, თუმცა მანდატების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ავტომატურად დგება. არც სიები ჩაუხსნიათ, ამიტომ 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტარობის შესაძლებლობა მომდევნო 12-ს უჩნდება.

გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობენ, რომ საკუთარ თანაგუნდელებს ენდობიან. რატომ არ დატოვა გახარიას პარტიამ მანდატები - ამაზე პასუხი არ აქვთ. ექსპრემიერის გუნდში ერთის მხრივ ისევ აცხადებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

გიორგი გახარიას პარტიის გარდა მანდატებიც დატოვა და სიებიც ჩახსნა ბარიერგადალახულმა ყველა სუბიექტმა, რომლებიც ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ ექსპრემიერს თავიდანვე მოუწოდებდნენ. რატომ შეინარჩუნა 12-მა ოპოზიციონერმა დეპუტატის სტატუსი? - "ნაციონალური მოძრაობა" ამას მატერიალური ინტერესებით ხსნის. "ლელოს" კი იმედი აქვს, რომ პარლამენტში არავინ შევა.

გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი გახარიას და მის დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუუქმებს, უმრავლესობის ლიდერმა, "ღამის კურიერში" გამოაცხადა. მამუკა მდინარაძემ იქვე განმარტა, რომ რეგლამენტით ეს მხოლოდ საარჩევნო სიით გასულ პირველ 12 დეპუტატს შეეხება.

ექნება თუ არა ვინმეს პარლამენტში შესვლის სურვილი, ამას მოვლენების განვითარება აჩვენებს, თუმცა დეპუტატის სტატუსი პარტია საქართველოსთვის 12 წევრს, მათ შორის თავად გახარიას, ამ დრომდე აქვს.

დღის ამბები