ვახტანგ გომელაურის ნაცვლად გელა გელაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელმაც უწყება უკვე ოფიციალურად გადაიბარა. პრემიერ-მინისტრმა, ვახტანგ გომელაურთან ერთად, პოლიციის თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა. სწორედ ყოფილი მინისტრის საქმიანობასა და გადაწყვეტილებაზე საუბრით დაიწყო ირაკლი კობახიძემ მიმართვაც. აღნიშნა გელა გელაძის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება.
გელა გელაძე დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. აქვს შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წამყვან პოზიციებს იკავებდა სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში. ახალი მინისტრისთვის ახალი გარემო რომ უცხო არ იქნება, ამაზე ყოფილმა მინისტრმაც ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა გადაწყვეტილების მიზეზზეც, რაც მანამდე საკუთარ განცხადებაშიც განმარტა, რომ თანამდებობა ქვეყანაში ვითარების დამშვიდების შემდეგ დატოვა.
ოპოზიცია ტრადიციულად იმეორებს, რომ საკადრო ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს და ახალი მინისტრის დანიშვნით არაფერი იცვლება.
ახალს წარმატებებს უსურვებს და ძველს მადლობას უხდის სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში", ერთის მხრივ, გელა გელაძის პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრობენ, მეორეს მხრივ კი, ვახტანგ გომელაურის როლზე სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად პრემიერმა დღეს დილით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვახტანგ გომელაურის განცხადება. შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ძალოვან უწყებას 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა - ჯერ უსაფრთხოების სამსახურიდან, შემდეგ კი უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან.