21 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
ალტერნატივად ჩვენ მივიჩნევთ ყველა იმ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც აღიარებს წინა ხელისუფლების დროს რიგ შეცდომებს - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები შეაფასა. კუპრაძემ აღნიშნა, რომ არ იცის, ზუსტად რას გულისხმობდა ყოფილი პრეზიდენტი "პოლიტიკურ ალტერნატივაში", თუმცა თავად მისი პარტია ალტერნატივად ყველა ისეთ პოლიტიკურ თანამშრომლობას მიიჩნევს, სადაც აღიარებენ წინა და ახლანდელი ხელისუფლების შეცდომებს.

"დაზუსტებით ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად რას გულისხმობს, თუ აქვს მას რაიმე სცენარი ან სტრუქტურა წარმოდგენილი, თუმცა ალტერნატივად ჩვენ მივიჩნევთ, მათ შორის, ზურაბიშვილის პლატფორმას და ყველა იმ ტიპის პოლიტიკურ საქმიანობას ან თანამშრომლობას, რომელიც აღიარებს წინა ხელისუფლების დროს რიგ შეცდომებს და, მათ შორის, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არის კატასტროფა, დანაშაული, კრიმინალური ბანდა, რომელმაც, მათ შორის, კონსტიტუცია დაარღვია, საგარეო ვექტორი მოსპო, არჩევანის შესაძლებლობა არ დატოვა, კონსტიტუციას არღვევს ყოველდღიურად და, მათ შორის, ივანიშვილი. აღარაფერს ვამბობ კორუფციასა და სიღარიბეზე, - "ქართული ოცნების" სახალხო დამცველსაც კი მოუწია იმის აღიარება, რომ ბავშვთა შიმშილიანობა გაიზარდა. გვატყუებენ პროპაგანდისტული მეთოდებით, რომ თითქოს, ეკონომიკა იზრდება ქვეყანაში. ეკონომიკა თუ იზრდება, ბავშვები უფრო მეტად რატომ შიმშილობენ? პენსიონერები რატომ არიან უფრო მეტად ღარიბნი? ყველა კვლევით ჩანს ეს და, მათ შორის, მათივე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამას ადასტურებს," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები