26 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
როგორია 26 მაისი ხელისუფლების ოპონენტებისთვის - ოპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქციით აღნიშნავს

როგორია 26 მაისი ხელისუფლების ოპონენტებისთვის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო აქციით აღნიშნავს ოპოზიცია, მათი მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს სიტყვით უნდა გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე.

პარლამენტის წინ შეკრებილებს დღეს ფილარმონიიდან მარშით შეუერთდნენ ხელოვანების ნაწილი და აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები. რუსთაველზე გამოტანილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ნაწილი პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერებითაც მივიდა, დღეს ქვეყნის მთავარ გამზირზე ისევ გამოჩნდა სააკაშვილის ფოტოებიც.

რუსთაველზე გამართულ აქციაზე მივიდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შეფასებებით გამოირჩევა. 

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ 26 მაისის აღნიშვნის გარდა, ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ. 

კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე: "ეს არის საზეიმო აქცია, ეს არის 26 მაისის აღმნიშვნელი თავყრილობა, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი დღეა ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის დღე, რომელიც უნდა აერთიანებდეს ყველას, რადგან ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება - თავისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს და სწორედ ამის გამო არიან აქ შეკრებილები ჩვენი თანამოქალაქეები."

პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია: "დღეს, ამ ზეიმს, ამ ყველაზე დიდ ფასეულობას, აქ აღნიშნავს საზოგადოება და არა მთავრობა, ოღონდ ეს არანორმალური მდგომარეობაა და ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომლისთვისაც ეს დღე იქნება ძვირფასი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის აღსანიშნავი თავისუფალ სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში."

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბერდია სიჭინავა: "აქ ვარ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ქვეყნის წინაშე დღესაც ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს. მე ვითხოვ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, გამოსავალი არის ახალი არჩევნები. შესაბამისად, ამ სათქმელის სათქმელადაც ვარ მოსული და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად."

პარტია "ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი: "ამ დღის აღნიშვნა რუსთაველზე, ბუნებრივია, არის სიმბოლური, ყველა პოლიტიკური მოქმედება აქ ხდება საქართველოში, ისტორიულად. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე და რთული პერიოდია, ამაღლებული განწყობა აქვს ხალხს და ასე აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს."

დღის ამბები