საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით.
გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში. სტუმრებს სიტყვით მიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალიამ საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში. საქართველოს დროშა აღმართეს ფილადელფიაში. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ცეკვები. დროშის აღმართვა დაგეგმილია ნიუ-იორკშიც.
დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სან-ფრანცისკოს ისტორიულ მერიის შენობაშიც, სადაც ტრადიციულად საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა, რომელიც ასევე დროშის ფერებში განათდა.