გავლენიანი გამოცემა Le Figaro უკრაინულ ქვედანაყოფზე წერს, რომელმაც საფრანგეთში გაიარა წვრთნები. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთში გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადის 5000 ჯარისკაციდან - 1 200-მა პოზიციები დატოვა. მათი უშუალო ხელმძღვანელი კი ფულს სძალავს საკუთარ ჯარისკაცებს და ხელფასებს ფიქციურად გასცემს.
უკრაინის არმიამ საფრანგეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი "კიეველი ანას" ბრიგადის შემოწმება დაიწყო - წერს Le Figaro. ამ კავშირს კიევსა და პარიზს შორის სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოს უწოდებდნენ, თუმცა ბრიგადა გაუთავებელმა სკანდალებმა მოიცვა. ფრონტზე გაგზავნის შემდეგ, 155-ე მექანიზებული ბრიგადა, როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ, მრავალი კამათის საგანი გახდა აღჭურვილობის, განსაკუთრებით დრონების ნაკლებობისა და ჯარისკაცების მიერ პოზიციების მასობრივი მიტოვების გამო.
უკრაინულმა გაზეთმა, "უკრაინსკა პრავდამ“ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი ტარას მაქსიმოვი, ფიგურირებდა ფიქციური გადახდებისა და საკუთარი ჯარისკაცებისგან ფულის გამოძალვის საქმეში. ამ მედიასაშუალების ცნობით, ბრიგადაში პოზიციების მიტოვების დაახლოებით 1200 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც მისი საერთო შემადგენლობა 5000-ზე ნაკლები ადამიანია, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი საფრანგეთში იყო გაწვრთნილი.
"მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა "უკრაინსკა პრავდაში", მე ვთხოვე ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების დამატებითი ოფიციალური გადამოწმება“, - განაცხადა სახმელეთო ჯარების მეთაურმა, მიხაილ დრაპატიიმ, რომლის სიტყვებსაც გამოცემა ციტირებს.
Le Figaro იუწყება, რომ გასული წლის იანვარში, ბრიგადის კიდევ ერთი მეთაური ძალაუფლების გადამეტებისა და დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს. "ანა კიევსკაიას" ბრიგადა პრესაში გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ის ფრონტზე გაგზავნეს, უკრაინის გენერალურ შტაბს ბრალი დასდეს იმაში, რომ ჯარისკაცებს სხვა ქვედანაყოფებში "ხვრელების შესავსებად“ იყენებდნენ.
ცნობისთვის, დაახლოებით 2,300 ბრიგადის ჯარისკაცი გაწვრთნილი იყო საფრანგეთში და აღჭურვილი იყო ფრანგული VAB-ის სატრანსპორტო მანქანებით, AMX-10-ის ტანკებით და თვითმავალი იარაღით Caesar-ით, ასევე საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალითა და რაკეტებით. ემანუელ მაკრონმა 155-ე უკრაინული ბრიგადის ჯარისკაცები 2024 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში სწავლების დროს მოინახულა.