26 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
"ეს ის პოლიტიკური ძალა და ლიდერები არიან, რომლებიც სისტემურად ებრძვიან კანონს, კანონიერებას და სახელმწიფოს" - ირაკლი ქადაგიშვილი გირაოს გადახდაზე უარის შესახებ

"ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეს ის პოლიტიკური ძალა და ლიდერები არიან, რომლებიც სისტემურად ებრძვიან კანონს, კანონიერებას და სახელმწიფოს“ - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის თქმას ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.

"სიახლე ხომ არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ იგივე მელია ყოველთვის გამოიყენებოდა სახელმწიფოს და მართლმსაჯულების წინაშე პროვოკაციების მოსაწყობად. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის გირაოს არ იხდის, არ აღიარებს სასამართლოს, არ აღიარებს კანონს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუციებს. ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ოპოზიცია რომ დღეს ურთიერთდაპირისპირებულ პოზიციებს აჟღერებს, ესეც სავსებით გასაგებია. მათ იმედი აქვთ, რომ უცხოეთი გადაიხდის რაღაცას მათ მაგივრად, მათი ეს პროვოკაცია და დამოკიდებულება კანონის წინაშე გახდება გარკვეული წრეებისათვის უცხოეთში სპეკულაციის საკითხი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეს ის პოლიტიკური ძალა და ლიდერები არიან, რომლებიც სისტემურად ებრძვიან კანონს, კანონიერებას და სახელმწიფოს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციაში უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხია. საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო შეფარდებული გირაო არ გადაუხდია ნიკა გვარამიას. თანხის გადახდას არ აპირებენ არც ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, რადგან მისი თქმით, ყველა საპატიმროში ვერ იქნება. გირაო უკვე გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

 

დღის ამბები