21 აგვისტო 2026,   14:00
ვრცლად
გრიგოლ გეგელია პარლამენტის განცხადებაზე: უმძიმესი განცხადებაა... პირველად, საქართველოს არსებობის ისტორიაში, ფორმალური დოკუმენტის დონეზე, ამერიკა არის გამოცხადებული მტრად

"უმძიმესი განცხადებაა... პარლამენტის წერილი უკვე სხვა თემაა, ეს უკვე სერიოზული დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარლამენტს არ გააჩნია არავითარი ქმედითი ძალა და ლეგიტიმურობა ეს, ფორმალურად მაინც, არის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაკეთებული განცხადება და ეს არის უმძიმესი განცხადება. ასეთი ტრაგიკული დიდი ხანია არაფერი მახსენდება და რატომ - პირველად, საქართველოს არსებობის ისტორიაში, ფორმალური დოკუმენტის დონეზე, ამერიკა არის გამოცხადებული მტრად," - ეს განცხადება კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში, პარლამენტის განცხადების შესახებ გააკეთა, რომელიც აშშ-ის კონგრესის "მეგობარი აქტის" საპასუხოდ იყო გამიზნული.

მისივე თქმით, ეს არის ტრაგედია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ბოლო 33 წლის განმავლობაში გაუაზრებია, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენულობა, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული თავდაცვისუნარიანობა არის პირდაპირ ბმაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ეს არის ამ ქვეყნის კატასტროფა, ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც 33 წლის განმავლობაში დაუცვია ჩვენი ქვეყნის ამერიკული და ევროპული პარტნიორობა, ჩვენი მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპულ კავშირთან, ვისაც გაუაზრებია ამ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი სუვერენულობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ეროვნული თავდაცვის უნარიანობა არის პირდაპირ ბმაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა ამდენი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იყო ასეთი შთამბეჭდავი, პოპულარული და მყარი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი დამსახურება. ყველა, ვისაც გააზრებული აქვს ეს ფაქტორები, ისევე, როგორც ის, რომ აშშ მილიარდებით ეხმარება ამ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში, ყველა ასეთი ადამიანისთვის ეს უნდა იყოს განგაშის ზარი, რომ ე.წ. პარლამენტი ღია, ფორმალურ დოკუმენტში ასახელებს აშშ-ს, როგორც მტრულ პოლიტიკურ გავლენას. სადღაც თუ წააწერენ, რომ მათ სურთ საკუთარი პირობებით რაღაც ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის პოლიტიკური ეგოს გამოხატულება," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები