დამასკოსთვის ნახევარი საუკუნის წინ დაწესებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში გამოაცხადა. საუბარია, მათ შორის, 1979 წელს, ტერორიზმის სპონსორობისა და 2004 წელს, მასობრივი განადგურების იარაღის ფლობისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომელიც 2011 წელს გაფართოვდა. ახალი პაკეტის მიღების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა ანტისამთავრობო აჯანყებების ჩახშობა დაიწყო. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე თქვა, რომ დამასკოს მშვიდობის შანსი უნდა ჰქონდეს.
ვაშინგტონის გადაწყვეტილება ბუნდოვანია თბილისისთვის. სახელისუფლებო პარტიისთვის გაუგებარია, რატომ თავისუფლდება მძიმე შეზღუდვებისგან სახელმწიფო, სადაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები გენოციდს განიცდიან და რატომ არ იღებს სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას აშშ საქართველოს შემთხვევაში.
აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ სირია დემოკრატიული სახელმწიფო არ არის, თუმცა სანქციების მოხსნას მაინც სამართლიანად მიიჩნევენ.
"ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და სირიაში არსებულ ვითარებას იხსენებს. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა - ამ მძიმე მოცემულობის ფონზე დამასკოსთვის სანქციების სრულად მოხსნის გადაწყვეტილებას სახელისუფლებო გუნდი უსაფუძვლოდ, ქართველი თანამდებობის პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების ძალაში დატოვებას კი უსამართლოდ მიიჩნევს.
სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას, დღეს აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტების არაფორმალური შეხვედრაც მოჰყვა. დონალდ ტრამპმა აჰმედ ალ შარაას სთხოვა, ამერიკას ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში დაეხმაროს და სირიიდან ყველა პალესტინელ ტერორისტი დეპორტაციის გზით განდევნოს. ალ შარაა თავად აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების მხრიდან, ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ისლამისტური დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო და ყოფილი მეამბოხე, რომელმაც ბაშარ ასადი დაამხო და სათავეში მიმდინარე წლის დეკემბერში მოვიდა.