პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს მიმართავს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. წერილში პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ადმინისტრაცია ე.წ. დიფ სთეითს დაამარცხებს, რაც ურთიერთობების გადატვირთვის საფუძველი გახდება.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლებაა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ "მეგობარი აქტი" სენატში განიხილება, აუცილებლად იქნება მიღებული და პრეზიდენტი ტრამპი ხელსაც მოაწერს.
"არანაირი განსხვავება რეალურად საქართველოსთან მიმართებაში არ აქვს არც დემოკრატიულ და არც რესპუბლიკურ პარტიას. ისინი ამ თვალსაზრისით ძალიან იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ ერთიანები არიან ქართველი ხალხის მიმართ. რაც შეეხება "მეგობარი აქტს", კანონპროექტი განიხილება სენატში, აუცილებლად იქნება ის მიღებულიც და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი. ახლა მოგეხსენებათ, ჩვენი ხელმძღვანელობა იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, მათ შეხვედრები ექნებათ კონგრესში ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებითაც," - ამბობს გიორგი ბარამიძე.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი გზაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.
"რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაცხადებულ წერილს, ეს არის კიდევ ერთხელ ღიად დადასტურება იმ ფაქტის, რომ დახურულ კარს მიღმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკება ვერ მოხდა და ახლა უკვე ღიად მოხდა წერილის გავრცელება და აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ვერ განახლდა ახალი ადმინისტრაციის პირობებში," - აცხადებს ლანა გალდავა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
"დაცული არ არის არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი. აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება. ვერც "მეგობარი აქტის" შედეგებს ვერ დაალაგებს. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი, რომელსაც ძალიან მაინტერესებს ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.