27 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
"საკამათო აღარავისთვის აღარ არის ცივილიზებულ მსოფლიოში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზიდან" - გიორგი შარაშიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ

ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. პასუხად, "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გაააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობს საქართველოში დემოკრატია გადაარჩინოს.

"ეს არის დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან მოწადინებული ერთი და იგივე შინაარსით იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია, ქართველი ხალხის არჩეული დემოკრატია, გადარჩეს.

რეალურად, ამერიკა არ ხუმრობს, არც ჩერდება, არც პაუზას იღებს, მაქსიმალურად იყენებს დროს იმისთვის, რომ რეალურ შედეგებს მიაღწიოს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, რაც ქართველი ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ საქართველომ დემოკრატიული გზიდან გადაუხვია.

"ევროკავშირის განცხადება ადასტურებს, რომ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიცია. დღეს საკამათო აღარავისთვის აღარ არის ცივილიზებულ მსოფლიოში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზიდან", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები