22 ივნისი 2026,   03:19
ვრცლად
არჩევნები რუმინეთში, რომელიც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მეორედ გაიმართა - ევროსკეპტიკოსმა და ტრამპის მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა ჯორჯ სიმეონემ ხმების 41% მოიპოვა

"გავაძევოთ ყაჩაღები, ხელისუფლებაში პატრიოტები უნდა დაბრუნდნენ" - ამ სკანდირებით შეხვდნენ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს მემარჯვენე კანდიდატის შტაბში. 38 წლის ევროსკეპტიკოსმა და ტრამპის მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა ჯორჯ სიმეონემ ხმების 41% მოიპოვა, რაც მის მეტოქის მონაცემებზე ორჯერ მეტია.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გაიმართა. პირველ შემთხვევაში, 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომ, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის საფუძველზე გააუქმა. დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული კანდიდატის - კალინ ჯორჯესკუს წინასაარჩევნო კამპანიას, რუსეთი აფინანსებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულმა კანდიდატმა, 4 მაისს გამართულ არჩევნებში მონაწილობა ვეღარ მიიღო. თუმცა, მას მხარდაჭერა გამოუცხადა სიმეონემ. ის საარჩევნო უბანზე ჯორჯესკუსთან ერთად მივიდა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას ხელისუფლებაში დააბრუნებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაცია ""როიტერმა"" გაავრცელა, გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურა მოხსნეს. არჩევნების შედეგის გაუქმება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკრიტიკა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ "რუმინეთმა პირდაპირ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები - საკუთარი სადაზვერვო სამსახურის მყიფე ეჭვების საფუძველზე და მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული უზარმაზარი ზეწოლის შედეგად".

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან ვერცერთმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც მეორე ტური ჩაინიშნა. მეორე ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებს მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო. კრინ ანტონესკუმ ხმების 20,7 %-ით მესამე ადგილი მოიპოვა, რის გამოც კენჭისყრას გამოეთიშა. შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, თანამდებობაც დატოვა.

მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საარჩევნო მარათონს ჩამოშორდა სიმეონეს 18 მაისს კონკურენციას ბუქარესტის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი ნიკოშურ დანი გაუწევს. ხმების 20,99%.ით ის მეორე ადგილზეა.

არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, მონიტორინგის ჯგუფმა წინასწარი დასკვნა მედიას პირველი ტურის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააცნო. ეუთოს შეფასებით, კენჭისყრა ეფექტურად ჩატარდა, გაუმჯობესდა საარჩევნო სისტემის სანდოობა. თუმცა გამოწვევად რჩება ადმინისტრაციული შეუსაბამობები.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები