7 მაისს "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ყრილობაზევე დამტკიცდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
"ეს არის მე-9 ყრილობა ჩვენთვის და ამ ყრილობის დროს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გადავახარისხოთ პოლიტსაბჭო, ავირჩიოთ ახალი ხელმძღვანელობა. მეორეს მხრივ იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენთვის და მოსახლეობისთვის აქტუალური თემები განვიხილოთ და დავგეგმოთ, იცით, რომ მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია ამ ჭრილშიც განვიხილავთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები, გამართულები, კოორდინირებულები შევხვდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.