ინფორმაციას, რომლის თანახმად დავით დოიაშვილმა ქალაქ შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას ჩინეთში გააგრძელებს, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტების და მათი მხარდამჭერების დღის წესრიგია, როდესაც ისინი ერთის მხრივ, ჩინეთთან ურთიერთობებს საქართველოს უკუსვლას უწოდებენ, თავად კი ამ ქვეყანაში სამსახურისთვის და ბიზნესის ასაწყობად ჩადიან.
რეჟისორის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ფავლენიშვილის განცხადებით, დავით დოიაშვილი ხელოვანია, შესაბამისად მის რომელიმე ქვეყანასთან თანამშრომლობაში, გარდა რუსეთისა, პრობლემას ვერ ხედავს.
"ეს ადამიანი არის კულტურის მოღვაწე და მას აქვს კულტურული კავშირები. თავის ნაწარმოებებს რომელ ქვეყანაში წაიღებს, ამას ჩემთვის ნამდვილად არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი არ გახლავთ ჩინეთი, ამიტომაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რუსეთის გარდა, კულტურული საქმიანობა ჩემთვის მიუღებელი არ არის", - განაცხადა ნიკა ფავლენიშვილმა.