21 ივნისი 2026,   09:49
ვრცლად
მმართველობის სტილი, ხისტი გადაწყვეტილებები, უკრაინის კრიზისი - დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ 100 დღეს აჯამებს

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნებული დონალდ ტრამპი, მეორე ვადის პირველ სამ თვეს აჯამებს. ოვალური კაბინეტის კარი ამერიკელი ჟურნალისტისთვის გაიღო. მასპინძელმა კითხვებს ჩვეულ სტილში, მკაფიო პასუხები გასცა. მთავარ მიღწევად კი ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების გამკაცრება დაასახელა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმ მიგრანტებზეც ჰკითხეს, რომელთაც მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. საუბარი შეეხო მათაც, ვინც ამერიკა არ დატოვა, სამაგიეროდ კი სალვადორის ციხის საპყრობილეში აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა მსოფლიოსთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე - ტარიფებზე, რამაც ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირებამდეც კი მიიყვანა. განვლილი 48 წლის განმავლობაში ამერიკისთვის ყველაზე მაღალი ინფლაცია - პრეზიდენტის მტკიცებით, სატარიფო პოლიტიკის მიღმა, სწორედ ეს მიზეზი დგას.

ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების ტრამპისეული გეგმა, არამხოლოდ მაღალი ტარიფების დაწესებას, არამედ ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის შემცირებასაც მოიცავს. მეორედ გაპრეზიდენტებიდან მალევე, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის დახმარებით არაერთი ორგანიზაცია დახურა, მათ შორის იყო საქართველოში კარგად ცნობილი USAID. ტრამპი ახლაც დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიეღო.

შიდა პოლიტიკასთან ერთად, 40 წუთიან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინის კრიზისზეც. აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. ახსენა ვლადიმერ პუტინი და მასთან წარსულში გამართული საუბარიც გაიხსენა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტისთვის კრემლის ლიდერის სიტყვები იმის დასტური იყო, რომ რუსეთს უკრაინის სრულად ოკუპირების სურს.

ბოლო შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა პრეზიდენტს დაუსვა, მის მმართველობის სტილს ეხებოდა. რა მიზანს ემსახურება ქვეყნის ლიდერის ხისტი ნაბიჯები - ამ კითხვაზე ტრამპის პასუხი ასეთია - ამერიკა ბრუნდება.

დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში 3 თვის წინ დაბრუნდა. შეცვალა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა. ოვალური კაბინეტის კედლებზე კი, რონალდ რეიგანისა და აბრაამ ლინკოლნის პორტრეტები განთავსდა. "არავის მიმართ ბოროტებით, ყველას მიმართ ქველმოქმედებით" - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, ყველაზე ხშირად აბრაამ ლინკოლნის ეს სიტყვები ახსენდება.

დღის ამბები