სამთავრობო გუნდი საერთაშორისო რეიტინგებში სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელისუფლების სწორ სოციალურ პოლიტიკას უკავშირებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის მონაცემები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. განახლებული ინფორმაციით, გაუმჯობესების ტენდენცია 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. რეიტინგის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა, 2 წელში ორნახევარჯერ შემცირდა და 2024 წელს 1,8 პროცენტს გაუთანაბრდა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებელი 2025 წელს 1,4 პროცენტამდე შემცირდება, 2027 წელს კი 1,1-ს გაუტოლდება. რეიტინგის მიხედვით, ეკონომიკურმა დინამიკამ დადებითად იმოქმედა როგორც სიღარიბის შემცირებაზე, ასევე დასაქმებაზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და მშენებლობის სექტორზე. ინვესტიციების ზრდასა და ახალ რეგულაციებზე კეთდება აქცენტი საქართველოს ეროვნულ ბანკშიც.
შრომის ბაზარზე არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების განცხადებით, სიღარიბის შემცირება პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ეკონომიკასთან.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აქცენტი წლიური ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზეც კეთდება. ირკვევა, რომ 2024 წლის ბოლოს, ინფლაციის 1,9 პროცენტამდე შემცირებამ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ცხოვრების დონე გააუმჯობესა.