26 აგვისტო 2026,   09:06
ვრცლად
"ნავთლუღის სპეცოპერაცია" საგამოძიებო კომისიაზე - კომისიის წევრებმა წინა ხელისუფლების დროს მოკლული შვილების მამებს მოუსმინეს

2006 წლის 12 იანვარი, საღამოს 9 საათი, ნავთლუღი - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმმა 3 ახალგაზრდა - 17 წლის მურად გორგაძე, 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე საკონტროლო გასროლით მოკლა. მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ. რეალურად კი, აღმოჩნდა, რომ ისინი კუდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძის ბრძანებით, ფონიჭალაში საკუთარ მანქანაში ჩაისვა და ნავთლუღში მიიყვანა. როგორ მოუკლეს 23 წლის შვილი 19 წლის წინ კუდის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, დეტალები დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ ართმელაძემ გაიხსენა.

სხდომაზე დაისვა კითხვებიც. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც ისაუბრეს. დეპუტატებმა მიმართეს დიპლომატიურ კორპუსსაც, რომ კომისიის ფორმატში განხილული მძიმე ისტორიები შეაფასონ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული რომან სურმანიძის მამასაც მოუსმინეს. მშობელმა იმ ზეწოლასა და ტერორზე ისაუბრა, რომელიც ოჯახზე ახალგაზრდების ტერორისტებად გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ოთარ სურმანიძემ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიში ვერ მიიღო, თუმცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდების ოჯახებმა თავისი სიმართლე დაამტკიცეს. ხელახალი გამოძიება 2014 წელს ჩატარდა და დადგინდა, რომ ციხეზე თავდამსხმელად გამოცხადებული ახალგაზრდები სრულიად უდანაშაულოები იყვნენ. მათ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ბრალად კუდის მაღალჩინოსნებს ედებათ - ერთი მათგანის მიმართ საკონტროლო გასროლა, სასამართლოს თანახმად, დათა ახალაიამ განახორციელა, კიდევ ერთ ახალგაზრდას კი კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ იგივე "მასტერამ" ესროლა.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მეოცე სხდომა ჩაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, დეპუტატებმა 65 პირს მოუსმინეს.

დღის ამბები