ეკონომიკური ზრდის და გაუმჯობესებული მონაცემების ფონზე მმართველ გუნდში სპეკულაციურ კვლევებზე საუბრობენ. ორგანიზაცია "ეისითიმ" გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში ფინანსური კრიზისი დაიწყება.
"ეისითი" არის "ეისითიგლობალში" შემავალი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ რუხაძეა.
"ეისითის“ კვლევის უფროსი ანალიტიკოსის, ნათია ხიჯაკაძის განმარტებით, კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა და საკვლევი საკითხი ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე შეარჩიეს.
"კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მთელი საქართველოს მასშტაბით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ შემთხვევით გენერირებულ ნომრებზე, პროგრამის საშუალებით ვრეკავთ. ჩვენ ოპერატორები ახორციელებენ ამ ზარებს. ამ შემთხვევაში, არსებული სიტუაციის ფონზე, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ სწორედ ამ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით შეგვესწავლა მოსახლეობის განწყობები. ზოგადად, ამ პასუხებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინტერპრეტაციის საგანია და სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. ჩვენ შემთხვევაში, მთავარი არის ის, რომ წარმოვაჩინოთ ფაქტები. შემდეგ ამას როგორ აღვიქვამთ და რა ინტერპრეტაციას მივცემთ ეს სხვა საკითხია", - განაცხადა ნათია ხიჯაკაძემ.
"ქართულ ოცნებაში" დღეს რუხაძის აქტიურობა გაიხსენეს და თქვეს, რომ კვლევა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში არასწორი განწყობების შექმნაა.