დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის პრეზიდენტს ხელი უკვე მეოთხედ ჩამოართვა. მოლაპარაკებები სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შეხვედრისა და შესაძლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პირველი კომენტარი, უიტკოფის მიერ მოსკოვის დატოვების შემდეგ, ვატიკანში ჩასულმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
დონალდ ტრამპს, განცხადების გაკეთების დროს, არც იშვიათი წიაღისეულის საკითხი გამორჩენია. შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ვაშინგტონსა და კიევს ხელი გასულ კვირას უნდა მოეწერათ, ისევ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, რომლის განცხადების მთავარი ადრესატიც ვოლოდიმირ ზელენსკია, იმედს იტოვებს, რომ შეთანხმებას მხარეები უახლოეს მომავალში მიაღწევენ.
დღეს, ზელენსკიმ ტრამპის პოზიციები მასთან პირისპირ შეხვედრითაც შეიტყო. თეთრ სახლში სკანდალური ვიზიტიდან ორ თვეში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს ვატიკანში რამდენიმე წუთით შეხვდნენ. საუბრის დასრულების შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ზელენსკი თვლის, რომ შტატების პრეზიდენტთან აუდიენციას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული, თუ ვაშინგტონი და კიევი საერთო შედეგს მიაღწევენ. ვატიკანში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის პოზიციას დაეთანხმა და აღიარა, რომ არსებული შეიარაღებით უკრაინას ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება არ შეუძლია.
ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პერსპექტივაზე საუბრობენ აგრესორ სახელმწიფოშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კრემლში ყველა შეთავაზებულ წინადადებას სერიოზულად განიხილავენ, თუმცა ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
უკრაინაში ომი 1158-ი დღეა გრძელდება, დღეს ცნობილი გახდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ჯარმა რუსეთის, კურსკის ოლქზე კონტროლი სრულიად დაკარგა. ამ ფონზე, კი მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმის განხორციელების მოლოდინშია.
ავტორი: ლუკა ჩანგელია