5 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და საკითხი, რომელიც ამ დრომდე რჩება ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზად - ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არც კი განიხილავენ. პარტიათა მეორე ნაწილი კი თემაზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევს - მათ შორის არის "ლელოც".
"ჩვენ არ შევდივართ საერთოდ ამ განხილვაში, არც ერთი და არც მეორე მიმართულებით და ვამბობთ, რომ ეს არ არის განხილვა, რომელზეც საერთოდ უნდა ვიხარჯებოდეთ აქ და ახლა. ჩვენ, როგორც პარტია, ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი ტიპის გამოწვევისთვის. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო პრეფერენცია, პრიორიტეტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ის თემა, რომელზეც რაიმე სერიოზულობით შეიძლება მსჯელობდეს პოლიტიკური პარტია", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.