30 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
"წინასწარ გაწერილი პოლიტიკური სცენარის ნაწილი" - როგორ აფასებს შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე გამოსვლას

"გიორგი გახარიას გადადგომა წინასწარ გაწერილი პოლიტიკური სცენარის ნაწილი იყო, რომელიც იმდროინდელ შტატების ელჩთან პერსონალურად შეთანხმდა" - პარლამენტის სპიკერმა ექსპრემიერის გამოსვლას საგამოძიებო კომისიაზე აღიარება უწოდა. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ-ქსელში 2021 წლის 18 თებერვლის ქრონოლოგიაც გამოაქვეყნა.

ირკვევა, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მელიას საკითხის - მისი დაკავების გარეშე გადაწყვეტა მოითხოვეს. ზუსტად ნახევარ საათში კი გახარია, რომელიც მანამდე დაპატიმრებას ლობირებდა - გადადგა. შალვა პაპუაშვილის აზრით, ექსპრემიერმა დავალება შეასრულა, შემდეგ პარტია შექმნა და საკუთარი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოცილება სცადა.

საგამოძიებო კომისიაზე, გიორგი გახარიამ კელი დეგნანთან საუბრის რამდენიმე ვერსია მოყვა. თავდაპირველად, დიალოგში მელიას საკითხი გამორიცხა. შემდეგ თვითონვე დაადასტურა, რომ ელჩმა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებაზე პოზიცია გარკვევით გამოახატა.

ექსპრემიერის ქმედებას მოღალატეობრივი დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის ლიდერმა, 2021 წლის თებერვლის მოვლენების ქრონოლოგიაც გაიხსენა. მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ მაშინ პირდაპირი დირექტივა მიიღო, რასაც მალევე ქვეყანაში სააკაშვილის ფარულად შემოსვლა და არეულობის გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა მოყვა.

ბრალდებებს სპეკულაციური უწოდეს თავად ექსპრემიერის გუნდში. თქვეს, რომ გახარიამ დროებით კომისიაზე ყველა ნაბიჯი დეტალურად განმარტა. გიორგი გახარიას დღეს "ნაციონალური მოძრაობიდანაც" გამოექომაგნენ. სააკაშვილის პარტიაში, სტრატეგიული პარტნიორისგან დირექტივების შესრულებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ.

გიორგი გახარიას, სწორედ "ნაციონალური მოძრაობასთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, ექსპრემიერს დროებით საგამოძიებო კომისიაზე რამდენიმე ფაქტის აღიარება მოუწია. რამაც მისი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური თამაშის მეთოდებიც გამოააშკარავა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. მაშინ მან გადაწყვეტილების მიზეზად, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის გამო, სავარაუდო დაპირისპირების თავიდან არიდება დაასახელა.

დღის ამბები