საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას მისვლა "ნაციონალური მოძრაობისთვის" პირდაპირი დასტურია, რომ ექსპრემიერი საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმურობას ანიჭებს. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ მათ ვარაუდს გახარიას გუნდის გადაწყვეტილებაც ამყარებს, რომ ისინი ამ დრომდე პარლამენტის მანდატებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ. ექსპრეზიდენტის პარტიაში ექსპრემიერთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავენ.
გიორგი გახარიას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ და ექსპრემიერს ახსენებენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და პარლამენტში გახარიას მისვლას ფარსი უწოდა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნიკა მელიაც.
ოპოზიციის აზრი მნიშვნელოვანი არ არის გიორგი გახარიასთვის. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პარტიების კრიტიკა მის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მმართველი გუნდი კი გახარიას მხრიდან ამომრჩევლების მოტყუების მცდელობასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ექსპრემიერის პარტიას არც მანდატები დაუტოვებია და არც სახელმწიფო დაფინანსებაზე უთქვამს უარი. გახარიას პარტია დღეს ტყუილში პარლამენტის თავმჯდომარემ ამხილა.
გიორგი გახარია ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი საგამოძიებო კომისიაზე მისვლამდეც არაერთხელ გახდა. ოპოზიციური პარტიები ექსპრემიერს ერთობის ინიციატივის ჩაშლაშიც ადანაშაულებენ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი