პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, განხილვის ერთ-ერთი თემა 20 ივნისის მოვლენები იყო, რის შესახებაც კომისიის წევრების კითხვებს გიორგი გახარიამ უპასუხა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
მასთან კითხვები დაიწყო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაზე საუბრით. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20 ივნისის საქმის ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა. სწორედ დემონსტრანტების დაშლის ოპერაციისა და გამოყენებული ღონისძიებების შესახებ კითხვებზე გამახვილდა ყურადღება სხდომაზე. კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, მიესალმება თუ არა სტრასბურგის მოწოდების შესაბამისად, ხელახალ გამოძიებას.
თეა წულუკიანი: "აქ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ავალებს სახელმწიფოს ამ საქმის და, განსაკუთრებით, იმ დასახიჩრებულ პირებთან მიმართებაში, ამ საქმის ხელახლა გამოძიებას. თქვენ ამ გამოძიებას მიესალმებით? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე."
გიორგი გახარია: "თქვენ ახლა იტყუებით - სტრასბურგის სასამართლო არ ავალებს [სახელმწიფოს] ნულიდან გამოძიებას, ეს უბრალოდ თქვენი ინტერპრეტაციის საკითხია. მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვითანამშრომლებ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთან ექნებათ."
ამის შემდეგ, თეა წულუკიანმა წაიკითხა ამონარიდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რაზეც გიორგი გახარიამ მას უპასუხა, რომ დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე, რომელთაგან მთავარი - გამოძიების გაჭიანურებაა; თეა წულუკიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამოძიების გაჭიანურება არის არა მთავარი, არამედ ერთ-ერთი დარღვევა, ხოლო მთავარი დარღვევა გამოძიების არასრულფასოვნად ჩატარებაა.
თეა წულუკიანი: "მთავარი დარღვევა არის ის, რომ არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება. მიესალმებით თუ არა ახლა მაინც ამ გამოძიებას?"
გიორგი გახარია: "მე მივესალმები 20 ივნისის შესახებ სრული სიმართლის დადგენას. ყველაფრის, მარტო იმის კი არა, რასაც თქვენ ახლა აქ ცდილობთ, - ყველაფრის."
თეა წულუკიანი: "აქ წერია, რომ პირველ პერიოდში, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ მინისტრი ხართ და შემდეგ პრემიერ-მინისტრად ინიშნებით, - არ შედგენილა დოკუმენტი, სადაც ქრონოლოგიურად იქნებოდა აღწერილი, რის შემდეგ რა მოხდა - ამას ამბობს სტრასბურგი. ეს მაინც შეგედგინათ ქრონოლოგიურად, რის მერე რა მოხდა, თქვენზე უკეთ ვინ შეადგენდა? იღებთ თუ არა პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც და მიესალმებით თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე დაფუძნებულ ახალ გამოძიებას, მიესალმებით თუ არ მიესალმებით? ახლა მაინც მიესალმებით, რომ წარდგეთ პროკურატურის წინაშე და ყველაფერი თქვათ? კი თუ არა - ეს მაინტერესებს."
გიორგი გახარია: "ეს მიმდინარე გამოძიება დასრულებული არაა, არავის არ დავუძახებივარ. რომ დამიძახებენ და რომ მივალ თუ არ მივალ, ეს იქნება პასუხი."