რატომ არ გამოხატავენ ელჩები პოზიციას 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთიდან დაფინანსებულ სელექციაზე საუბრობს და დაპირისპირების პროვოცირებაზე პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორებს - კონკრეტულ "ენჯეობსა" და მათ დონორებს აკისრებს. შალვა პაპუაშვილი მორიგ "ფეისბუკ" პოსტში წერს, რომ ძალადობრივ პროცესებს ისინი უკვე მეორე დღეა რეაგირების გარეშე ტოვებენ.
რატომ მოხდა საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება? - "კურიერის" მიმართვის მიუხედავად შვედეთის, შტატებისა და გერმანიის დიპლომატიურ მისიებს არ უპასუხიათ შეკითხვისთვის, გმობენ თუ არა აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, კი კონკრეტული აქტორები საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობასა და დაპირისპირების გაღვივებას დღის წესრიგიდან არ ხსნიან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონორებს 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, რადგან იციან, რომ მათი დაფინანსება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება.
მოწოდებები, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის "ქართული ოცნების" წევრები მემორიალთან არ უნდა მიეშვათ, კეთდებოდა როგორც 9 აპრილს, პარლამენტთან, ისე წინა დღეს, სოციალურ ქსელებში. აქტიურობდა არასამთავრობო სექტორი, თუმცა ოპოზიციაში დღესაც ამტკიცებენ, რომ აქციის ორგანიზატორები ენჯეოები არ ყოფილან. უარყოფენ იმ ფაქტსაც, რომ მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს, თავად 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებსაც.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ დიპლომატიური მისიების დუმილი ერთის მხრივ ძალადობის წახალისებაა, მეორეს მხრივ კი იმის აღიარება, თუ ვინ მოაწყო 9 აპრილს პროვოკაციები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია" და "ევროპული ორბიტა" აქციის ორგანიზატორებად პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გუშინ დაასახელა. 9 აპრილს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განმარტებებს არც ეს ორგანიზაციები აკეთებენ.