27 აგვისტო 2026,   04:13
ვრცლად
რა როლი აქვს დიპლომატიას კონფლიქტების მოგვარებაში - პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო

რა როლი აქვს დიპლომატიას კონფლიქტების მოგვარებაში - თემაზე სასაუბროდ პოლიტიკური ლიდერები შავი ზღვის რეგიონში, ანტალიაში შეიკრიბნენ. პანელურ დისკუსიაში - "პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში" მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის აუცილებლობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური ფორუმის მონაწილეებს ისიც უთხრა, რომ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რეპლიკა ჰქონდა ფორუმის მოდერატორსაც. თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ომმა ევროკავშირის გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს.

პრემიერმა ისაუბრა დიპლომატიის როლზეც, მშვიდობისა და ომის პირობებში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს არაერთხელ მიმართეს რუსეთ უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მოთხოვნით, ქვეყანა უხეში პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყო და ეროვნული ინტერების დასაცავად, ხელისუფლებას პოლიტიკური ბრძოლა უწევდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობდნენ მონტენეგროს პრეზიდენტი, მოლდოვას და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი. მათ დიპლომატიის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს და კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დიპლომატიური ფორუმის დასრულების შემდეგაც. მასპინძელი ქვეყნის ყოფილმა დიპლომატმა ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობა დაუწუნა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ევროკავშირს მოუწოდა ორმაგი სტანდარტებით არ იმოქმედოს.

ფორუმის დასრულების შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.

დიპლომატიური ფორუმი თურქეთის პრეზიდენტმა გახსნა. მიმდინარე კონფლიქტებსა და დიპლომატიის გამოწვევებზე ანტალიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

 

დღის ამბები