პრემიერ-მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მთავრობის მეთაურმა რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა და ის მიზეზები დაასახელა რის გამოც, საქართველოს ხელისუფლებამ, 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად, დაღუპულ გმირებს პატივი სამების საკათედრო ტაძარში მიაგო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, Deep state-ი, ახლა უკვე ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩასა და სიძულვილის გაღვივებას პროვოკაციების მოწყობით ცდილობს, რასაც, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს.
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს 21 დაღუპული ქართველის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებოდნენ, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავდა. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს უკმაყოფილება გამოხატეს, რომ სოციალურ ქსელში, 9 აპრილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ნახსენები რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა.
ოპოზიციის განცხადებებს სპეკულაციურს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, ისევე, როგორც 36 წლის წინ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ძალა მოქმედებს და განცხადებაშიც საუბარი სწორედ ამ პარალელზე იყო.
აქციის ორგანიზატორთა ნაწილი ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლება ყველას აქვს, ვინც ამას იმსახურებს, ოპოზიციაში კი აზრები ორად გაიყო. ძალადობასა და პროვოკაციებს ემიჯნება გახარიას გუნდი, საპირისპიროს ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებელი".
ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში მცირე პროვოკაციასაც არ დაუშვებს. 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირება, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ, დაღუპულთა ხსოვნა დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.
დღეს ზუსტად 36 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელსაც თბილისში 21 ადამიანი ემსხვერპლა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია და მოქალაქეებს ხელკეტებით, ფარებითა და ნიჩბებით გაუსწორდა. ვინც ხელკეტებს გადაურჩა, გაუგებარი ნივთიერებით მოწამლეს. დაშავდა 400-ზე მეტი მოქალაქე.