საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იარაღად გამოყენებაში პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ ძალებს ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილისთვის ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა ყველა ის რეზოლუცია და გადაწყვეტილება, რომელიც PACE-ს ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით აქვს მიღებული.
სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები დღეს გადაიდო და ხუთშაბათს გაიმართება. თარიღის შეცვლა და ზოგადად სხდომის შინაარსი საინტერესო არ არის მთავრობის მეთაურისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკითხის გადატანა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ თავად დებატების მონაწილეები არიან გაურკვევლობაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, რაზეც სტრასბურგში საუბრობენ, მათთვისაც პრიორიტეტულია.
ახალი მოწვევის პარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტული მიზეზით მიიღო. მმართველი გუნდი თვლის, რომ PACE-ს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციები გარკვეულ მიზნებს ემსახურება და მათი მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.